გაცვლითი პროგრამის სტუდენტების ინტერვიუ - ბადრი გოგილაშვილი
სამშაბათი, 15 დეკემბერი, 2020
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის სტუდენტი, ბადრი გოგილაშვილი Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრის განმავლობაში იმყოფებოდა იტალიაში, ლაკვილას უნივერსიტეტში (University of L'Aquila).
1. მოგვიყევით როგორ გაიგეთ ჩვენი გაცვლითი პროგრამის შესახებ, რამ მოგხიბლათ (ადგილმა, უნივერსიტეტმა თუ სხვა ფაქტორებმა);
გაცვლითი პროგრამებით მუდამ დაინტერესებული ვიყავი. GAU-ს მარკეტინგის დეპარტამენტთან შეხვედრის დროს გავიგე, რომ იტალიის უნივერსიტეტბში მიმდინარეობდა გაცვლით პროგრამებზე მუშაობა. თავიდანვე მომხიბლა იტალიაში წასვლის იდეამ. მისი ისტორიული და კულტურული ფაქტორების გათვალისწინებით. ცხადია ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი.
2. რა პროცესები გაიარეთ ამ პროგრამაში ჩართვისთვის, როგორი იყო უნივერსიტეტის მხრიდან მხარდაჭერა, მზაობა, ღიაობა და რამდენად მარტივი ან რთულია GAU-ს გაცვლითი პროგრამებით სარგებლობა ჩვენივე სტუდენტ᳥ბისთვის?
როგორც კი გავიგე გაცვლითი პროგრამის შესახებ, მაშინვე მივედი საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაში, სადაც მომაწოდეს ინფორმაცია პროგრამისა და საბუთების შესახებ, რომლებიც აუცილებელი იყო პროგრამაში მონაწილეობისთვის. შემდეგ წარმატებით გავიარე გასაუბრება GAU-ს პრეზიდენტთან რ. მაიკლ ქაუგილთან, მოვაგროვე ყველა საჭირო დოკუმენტი და მოუთმენად ველოდებოდი კონკურსის შედეგებს. პროგრამა როგორც ჩემთვის, ისე სხვა დაინტერესებული სტუდენტ᳥ბისთვის აბსოლუტურად ღია იყო. უნივერსიტეტმა ყველაფერი გააკეთა, რომ მიმეღო მონაწილეობა და კონკურსში ჩემი კანდიდატურაც განეხილათ. პროგრამით სარგებლობის სირთულეს რაც შეეხება, შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ მარტივი იყო და უნივერსიტეტი ცდილობდა მაქსიმალურად მხარი დაეჭირა თითოეული დაინტერესებული პირისთვის.
3. რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა, რისი მომტანია ეს გამოცდილება სტუდენტისთვის?
ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის დადებით მხარეებზე, თუმცა ვეცდები მაქსიმალურად ლაკონური იყოს ჩემი პასუხი თქვენს კითხვაზე. ვფიქრობ, ყველა სტუდენტმა, ვისაც აქვს იმის პოტენციალი, რომ მსგავს პროგრამებში მიიღოს მონაწილეობა, ერთხელ მაინც უნდა სცადოს, მიხვდეს და შეიგრძნოს მსგავსი პროგრამებით სარგებლობის ღირებულება.
- ეზიარები სხვა ქვეყნის კულტურას, ისტორიასა და ღირებულებებს.
- მოხვდები მულტიკულტურულ გარემოში, სადაც ერთდროულად სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან გექნება კომუნიკაცია.
- მიიღებ საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას არამხოლოდ შენი პროფესიული მიმართულებით.
- ისწავლი მიმღები ქვეყნის ენას.
- გახდები მეტად დამოუკიდებელი ცხოვრებაში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
- გახდები მეტად პასუხისმგებლიანი როგორც საკუთარი თავის, ასევე შენს გარშემო მყოფების მიმართ.
- მიხვდები და შეიგრძნობ დამოუკიდებელი ცხოვრების ღირებულებას და ა.შ
თუ ზემოთ აღნიშნული ფაქტორები მნიშვნელოვანია სტუდენტისთვის, მაშინ ეს ყველაფერი მკაფიო ინდიკატორია, რომ მიიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში. დარწმუნებული ვარ, რაზეც ფიქრობ, ოცნებობ და მიზნად ისახავ აუცილებლად გამოგივა, წინააღმდეგობების მიუხედავად.
4. რამდენად განვითარდა თქვენი კარიერული წინსვლები, ცოდნა. გაგვიზიარეთ გამოცდილება?
ცხადია, ასეთი პროგრამების მიზანი არის პროფესიული ზრდა და ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. სასიხარულოა, რომ თავიდანვე მქონდა საგნების არჩევის თავისუფლება, სწორედ ის საგნები ავირჩიე, რომელიც მაინტერესებდა და სამომავლოდ კარიერულ ზრდაში დამეხმარებოდა. შემიძლია გითხრათ, იქ მიღებულმა გამოცდილებამ ჩამომაყალიბა საბოლოოდ ჩემი სამაგისტრო ნაშრომის თემატიკაზე, რომელიც ეხება ღია მონაცემების მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში. ძირითადად, ვმუშაობდი ისეთი ტიპის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც ხელს უწყობს ღია მონაცემების ხელმისაწვდომობას და აუმჯობესებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.
6. გაიხსენეთ ყველაზე უცნაური, fun, გასაკვირი ან საინტერესო ამბავი რაც იქ გადაგხდათ.
უცნაური ამბავი ნამდვილად არ მახსენდება, თუმცა იტალია ნამდვილად საინტერესო ქვეყანაა. ვერ ამოწურავთ სანახავ ადგილებს და ყოველი მომდევნო ღირსშესანიშნაობა კიდევ უფრო მეტად გაგაკვირვებთ და შეგაყვარებთ ამ ქვეყანას. აღსანიშნავია, რომ გარდა სწავლისა საკმარისი დრო რჩება სტუდენტს ქვეყნის გარშემო სამოგზაუროდ და უნიკალური ემოციების მისაღებად. იტალია ფანტასტიური ადგილია მოგზაურობისთვის, გარემო საკმაოდ მეგობრულია, ყველა ცდილობს შენს დახმარებას საჭიროების შემთხვევაში. შემიძლია გავიხსენო აღდგომის დღესასწაული სორენტოში, რამაც ფანტასტიური შთაბეჭდილება დატოვა ჩემში, მაშინ კიდევ უფრო დავაფასე იტალია და თუ რამდენად პატივს სცემენ თითოეულ დღესასწაულს. აქ ყველა ერთობლივად აღნიშნავს ამ დღეს მეგობრულ გარემოში. დღესასწაულებზე შესანიშნავი ატმოსფეროა იტალიაში.
7. რას ურჩევთ სტუდენტებს, ვინც გაცვლით პროგრამაში მონაწილეობაზე ფიქრობენ/უნდათ/აპირებენ?
ცხადია, გაცვლითი პროგრამის ძირითადი მიზანი არის განათლების მიღება, კვალიფიკაციის ამაღლება. როგორც წესი, ყველას სხვადასხვა მიზეზი აქვს, თუ რატომ სურს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა, თუმცა ყველა თანხმდება იმაზე, რომ გამოცდილება, უნარები, განსხვავებული გარემო და კულტურა, პერსონალური განვითარება არის ის ძირითადი მიზეზები რის გამოც სტუდენტებს სურთ პროგრამაში მონაწილეობა. ვისაც უნდა მიიღოს უნიკალური გამოცდილება, ეზიაროს სხვა ქვეყნის კულტურას, გაიჩინოს მეგობრები სხვადასხვა ქვეყნებიდან, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა იდეალური საშუალებაა.
განსხვავებულ გარემოში სწავლა დაგეხმარებათ საკუთარი თავის უფრო მეტად გაცნობაში, დაბრუნდებით მეტად თავდაჯერებული საკუთარ გადაწყვეტილებებში, რისკების მიმართ გახდებით უფრო თამამი და ადვილად შეძლებთ ადაპტირებას სხვადასხვა გარემოში.
8. რას გვეტყვით უნივერსიტეტის პროფესორებზე? გარდა მათი კვალიფიკაციისა,როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მათ სტუდენტებთან? მაგალითად, მზად იყვნენ აღმოეჩინათ დახმარება და გაეცათ პასუხები თქვენს შეკითხვებზე? მეგობრულები იყვნენ?
როგორც წესი, გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტების მიმართ თავიდანვე განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ ლექტორები და ადმინისტრაცია. ურთიერთობების ძირითადი ინიციატორი სტუდენტი უნდა იყოს და ცდილობდეს ყველასთან დაამყაროს კომუნიკაცია. უპირველესად კარგი ურთიერთობები პროფესორებთან და უნივერსიტეტის თანამშრომლებთან სტუდენტების ინტერესშია.
ჩემი გამოცდილება ლექტორებთან საკმაოდ პოზიტიურია და დღესაც ელ-ფოსტით გვაქვს სხვადასხვა საკითხებზე კომუნიკაცია. გამომდინარე იქიდან, რომ პროფესორი მუდამ დაკავებულია, კომუნიკაცია ხდება ძირითადად ელ. ფოსტის საშუალებით. ნაწილ საგნებზე პროფესორებს ჰყავთ ასისტენტები და ყველა საჭირო საკითხზე უწევენ სტუდენტებს კონსულტაციას.
9. მოგვიყევით სტუდენტურ ცხოვრებაზე, რა აქტივობები ხორციელდებოდა ამ მიმართულებით უნივერსიტეტში და როგორი იყო თქვენი ჩართულობა?
სტუდენტური ცხოვრება საკმაოდ მრავალფეროვანი იყო ლაკვილაში. გარდა უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ღონიძიებებისა, არსებობდა ორგანიზაცია ,,ლაკვილას სტუდენტური ქსელი’’, რომელიც აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ღონისძიებებს. ღონისძიებები მოიცავდა როგორც სპორტულ, შემეცნებითსა და გასართობ აქტივობებს როგორებიცაა: ხელოვნებისა და მუსიკის ფესტივალი, კლუბური მუსიკის ღონისძიებები, მუსიკის საერთაშორისო დღესთან მიძღვნილი კონცერტი, ლუდის ფესტივალები, სპორტის დღეები.
10. ალბათ მსოფლიოს მრავალი კუთხიდან ჩასული სტუდენტები სწავლობენ, რა მოგცათ ამ კულტურულმა მრავალფეროვნებამ? ადვილად დაამყარეთ ურთიერთობები? ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ?
თითოეული გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტი თავიდანვე მოწადინებულია ახალი ურთიერთობებისთვის. ცხადია, მულტიკულტურულ გარემოში ყველა ცდილობს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ღონისძიებების ძირითადი მიზანიც სტუდენტებს შორის მეგობრული კავშ